პილიო

საბერძნეთი

პილიო. დასვენება და ტურები 2021

    პილიო – ღმერთებისა და კენტავრების ჯადოსნური მიწა

    ულამაზესი პეიზაჟები, სიმწვანე, ოქროსფერი ქვიშა და მარგალიტის კენჭი სანაპიროებზე,  წყაროები კრისტალურად სუფთა წყლითა და ფირუზისფერი ზღვა, თოვლიანი ფერდობები და მომღიმარი სახეები, ტრადიციული სოფლები, სტუმართმოყვარე ხალხი, რაკია და "მეზე" ჭადრის ხეების ძირში, მითები და ისტორია.....

    ყველაფერი ეს დაგხვდებათ პილიოში. სინამდვილეში პილიო არ არის მთა, არამედ თესალიის მთათა რიგი, მრავალი მწვერვალით, რომლებიც გადაჭიმულია ჩრდილო – დასავლეთიდან სამხრეთ – აღმოსავლეთისაკენ, სიგანე 44 კმ ჩრდილოეთ ნაწილში - 10-25 კმ სამხრეთით. ეს არის ნახევარკუნძული  ორ ზღვას შორის: ეგეოსისა და პაგასიტიკოს ყურეში. მისი უმაღლესი მწვერვალი პურიანოს სტავროსი 1624 მ აღწევს.

    მთის ქედი დაფარულია მაღალი წიფლის, მუხის, ჭადრის, ცხენის წაბლის, ფიჭვის და ჰიბრიდული ნაძვის ტყეებით. პილიოს აქვს საკუთარი განსაკუთრებული მიკროკლიმატი. ზაფხულში აქ ტემპერატურა ყოველთვის 3-5 გრადუსით დაბალია, ვიდრე ხეობაში. მიუხედავად იმისა, რომ ქედის 70% თიხისგან შედგება, რაც ხელს უშლის მიწისქვეშა წყლების წარმოქმნას, აქ მრავალი წყარო და მთის ნაკადულია.

    ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პილიო ოლიმპიელი ღმერთების საყვარელი საზაფხულო დანიშნულების ადგილი და მითიური კენტავრების სამშობლო იყო. აქედან, იოლკოსიდან, იასონი თავის არგონავტებთან ერთად ოქროს საწმისისკენ გაცურა. აქ ბრძენმა კენტავრმა ქირონმა ასწავლიდა თავის მოწაფეებს. პილიოში მოხვედრისთანავე იგრძნობთ მის მაგიას და დაეთანხმებით იმ აზრს, რომ ის საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური და ლამაზი კუთხეა, სავსეა ბუნებრივი სილამაზითა და სიმშვიდით.

    პილიო –ლამაზია ყველა სეზონზე. ეს არის იდეალური ადგილი დასვენებისა და განტვირთვისათვის, თავგადასავლებისა და მოგზაურობისთვის. ზაფხულში ტურისტებს ურჩევნიათ მის ლამაზ სანაპიროებზე ბანაობა, ჩოგბურთის თამაში, ზღვის სპორტით დაკავება და სეირნობა. ზამთარში პილიოს ირჩევენ ისინი, ვისაც სურს დატკბეს ულამაზესი მთის პეიზაჟით და სუფთა ჰაერით, ითამაშოს თოვლში და თხილამურებით ისრიალოს, ან უბრალოდ დრო გაატაროს ბუნებაში. ბოლო წლების განმავლობაში აქ დაიწყო ალტერნატიული ტურიზმისა და აგროტურიზმის განვითარება.

    პილიოს აღმოსავლეთ კალთებზე,  გაშენებულია ვაშლის ბაღები. აქ მოჰყავთ მსხალი, ატამი, ლიმონი, ნუში, წაბლი, ნიგოზი. ძირითადად ზეთისხილი სამხრეთ მხარეს იზრდება. პილიო ასევე ცნობილია თავისი "საფირმო" პროდუქტებით: მურაბები, ლაფშები, ტრაქანა (ცომისგან დამზადებული ბურღული), კიბორჩხალა, თაფლი და ფუტკრის რძე. მათ აწარმოებენ კერძო მწარმოებლები და მრავალი კოოპერატივები. წლის განმავლობაში აქ ტარდება სხვადასხვა ფესტივალები და დღესასწაულები, რომლებიც ეძღვნება თითოეულ ცალკეულ პროდუქტს, მაგალითად წაბლის ფესტივალს ქსურიხტში ოქტომბერში იმართება.

    პილიოს ძირში, პაგასიის ყურის სანაპიროზე მდებარეობს ვოლოსი, მაგნეზიის დედაქალაქი. ეს არის საბერძნეთის ერთ-ერთი უდიდესი, თანამედროვე ქალაქი და მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პორტი. ვოლოსის მთავარი ღირსშესანიშნაობებია არქეოლოგიური მუზეუმი და ხალხური ხელოვნების ცენტრი. ვოლოსიდან გზად, პილიოს ჩრდილო – აღმოსავლეთ ნაწილში, ღირს ეწვიოთ სოფელ ანაკასიას (ძველ იოლკოსს), მცირე ბიზანტიურ სამლოცველოს (1273) და 1220 წელს აშენებულ ვენეციურ სასახლეს.

    მთელ პილიოში 70 – მდე  ლამაზი და თვალწარმტაცი სოფელია, საკუთარი ტრადიციული არქიტექტურით. თითოეული მათგანი ცალკეული დეკორაციაა, ხოლო ერთად ქმნიან პილიოს განსაკუთრებულ კოლორიტს.

    ზაღორა

    აღმოსავლეთ პილიოს უდიდესი და ყველაზე ცნობილი სოფელია, რომელიც გადაჭიმულია ლევკო კოტრონის მწვანე მზიან ფერდობზე, 738 მ სიმაღლეზე. იგი პილიოს დედაქალაქად ითვლება.  გამოირჩევა კარგად შემონახული ძველი უბნებით, რომელთაგან თითოეულს აქვს XVIII საუკუნეში აგებული ამავე სახელწოდების ეკლესიები: აგია პარასკევი (პერახორა), აგია კირიაკი, აგიოსი გეორგიოსი და მეტამორფოსი (სოტირა). ქალაქი ცნობილია წვნიანი და ტკბილი ვაშლით. ყველა სეზონზე ლამაზი ზაღორა, სიმწვანეში ჩაფლული ქვის სახლებით,  ბრწყინვალე სასახლეებით, ეკლესიებითა და ხიდებით იდეალური ადგილია ზამთრისა და ზაფხულის არდადეგებისთვის. აქ ბევრი კარგი სასტუმროა, ასევე შესანიშნავი ადგილობრივი სამზარეულოს მქონე რესტორნები და ბარები. ზაფხულის თვეებში, ზაღორა მასპინძლობს მრავალ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებას. ბევრი საინტერესო საფეხმავლო ბილიკი აქედან იწყება.

    ხორევტო – სანაპირო კურორტი ზაღორას გარეუბანში შესანიშნავი ინფრასტრუქტურით, მრავალი სასტუმროთი, ტავერნებით და ბარებით. უჩვეულოდ ლამაზი სანაპირო ზოლი ოქროსფერი ქვიშით, სადაც ტყეების სიმწვანე ლაჟვარდოვან წყალთან ერთდება, 2.5 კმ-ზეა გადაჭიმული. აქ ყოველთვის საოცარი სიგრილე სუფევს. დიდი პლაჟის გვერდით, ზაგორადან 6 კმ-ის დაშორებით, მდებარეობს პარისინის სანაპირო - ადგილი მათთვის, ვინც განმარტოვებას ამჯობინებს.          

    პორტარია

    ვოლოსიდან მხოლოდ 13 კილომეტრის დაშორებით, 600 მ სიმაღლეზე, განლაგებულია სოფელი პორტარია ან "პილიოს კარიბჭე" როგორც მას ხშირად უწოდებენ.  ვიზიტორებს ხიბლავს მისი მე -18 და მე -19 საუკუნის კარგად შემონახული დიდებული სახლების  შესანიშნავი არქიტექტურა, რაც მოწმობს სოფლის კეთილდღეობაზე. ქვაფენილიან ქუჩებში გასეირნების გარდა, შეგიძლიათ დაისვენოთ კაფეში, ძველი ჭადრების ქვეშ, ცენტრალურ მოედანზე და დააგემოვნოთ მცირე ზომის "ფირიკის" მურაბა (ვაშლის ჯიში). გემრიელად ისადილოთ ცნობილი "სპეცოფაით" (ცხარე კერძი ადგილობრივი ხელნაკეთი ძეხვითა და წითელი ბულგარული წიწაკით) ან ლობიოს წვნიანით. ჰარდუმბაკია, ქოთანში გამომცხვარი თხის ხორცი, ტრადიციული ყველის ღვეზელი, რომელსაც თან ახლავს რაკია (ყურძნის არაყი), ნამდვილად გაგახალისებთ. შხაპუნა შადრევნებიან მოედანზე დგას წმინდა ნიკოლოზის ტაძარი ბიზანტიური პერიოდის რელიეფური გამოსახულებებით. ზოგი ძველი სასახლის მონახულება ღირს მათი მოჩუქურთმებული ჭერისა და ანტიკვარული ავეჯისთვის და თუ პლიასიდის მწვერვალზე ახვალთ (1546 მეტრის სიმაღლეზე) მშვენიერი პანორამული ხედი გელით თესალიის ხეობაზე.

    მაკრინიცა

    პორტარიიდან 4 კმ-ის დაშორებით მდებარეობს ულამაზესი მაკრინიცა, რომელსაც პილიოს "აივანს" უწოდებენ. მთელი პაგასიის ყურე თქვენს წინაშეა. მწვანე ფერდობებს შორის, წაბლი, კაკალი, წიფელი და ჭადრებია მოფენილი. ზემოთ მიმავალ ბილიკებს ცენტრალურ მოედნამდე მივყავართ, ცნობილი წყაროს "უკვდავ წყლებთან". საუკუნოვანი ჭადრების ჩრდილში, წმინდა გიორგის ეკლესიის გვერდით შეგიძლიათ ყავის დალევა. საინტერესოა ფოლკლორის მუზეუმის დათვალიერება თოპალის სასახლეში. აქ გამოფენილია იმ პერიოდის ავეჯი, ტანსაცმელი, წიგნები, იარაღები და საყოფაცხოვრებო ნივთები. სოფლიდან გასვლისას მოინახულეთ წმიდა იოანე ნათლისმცემლის პატარა ქვის ეკლესია - პილიის არქიტექტურის შესანიშნავი მაგალითი. სოფელი გამოცხადებულია ნაკრძალად.

    მილიესი

    ამ სოფლის დათვალიერება რამოდენიმე საათშია შესაძლებელი. სადგურიდან საფეხმავლო ბილიკი მიდის სოფლის ცენტრში, სადაც მდებარეობს მისი ყველაზე საინტერესო შენობა: მთავარანგელოზთა ტაძარი შთამბეჭდავი ხატებითა და მოჩუქურთმებული კანკელით. მილიესი ოდესღაც ხელოვნებისა და ლიტერატურის მთავარი ცენტრი იყო. სოფელს გააჩნია საინტერესო ლაოგრაფიული მუზეუმი.

    ხანია

    ეს 1200 მ სიმაღლეზე მდებარე მთის სოფელი ითვლება დასავლეთ და აღმოსავლეთ პილიოს დამაკავშირებელ გზაჯვარედინად. მთელი სოფელი ჩაფლულია წიფლებსა და ნაძვებში. უამრავი ხის ტავერნა, ქვის სასტუმრო მდებარეობს სოფელში ცენტრალური გზის მთელ სიგრძეზე. ძველი დრიდან ამ ედგილებში მოგზაურები  ეძებდნენ თავშესაფარს. ასე მიიღო სახელი სოფელმა: ადგილობრივი დიალექტით "hánia" ნიშნავს "თავშესაფარს". აქ ყოფნისას დააგემოვნეთ სპეცოფაი ლობიოს წვნიანი, რომლითაც სოფელი ცნობილია. სოფელი ყოველ სეზონთან ერთად იცვლება, მაგრამ ის არ კარგავს მიმზიდველობას ტურისტებისთვის. ზაფხულში ეს არის სიგრილის, სუფთა ჰაერისა და განტვირთვისათვის ოაზისი, შემოდგომაზე ეს არის იმპრესიონისტი მხატვრის მოლბერტი ტყით, ცითა და ზღვით, ზამთარში, ხანია თეთრ სამოსში იმოსება და მოუწოდებს მოგზაურებს დაკავდნენ ზამთრის სპორტით, გაზაფხულზე კი იდეალურია მთის ველოსიპედებით ან საფეხმავლო ბილიკებით სეირნობისთვის, ასევე ცხენებით სეირნობა უსასრულო მდელოებსა და უღრან ტყეებში, პილიოს ფერდობებზე ასვლა.

    აღრიოლევკეს

    ხანიადან სულ რაღაც 2 კმ-ის დაშორებით, 1471 მ სიმაღლეზე მდებარეობს სათხილამურო ცენტრი პილიო - აღრიოლევკეს. ეს საბერძნეთის ერთ-ერთი უძველესი სათხილამურო კურორტია. სტუმრებისთვის გათვალისწინებულია ყველანაირი კომფორტი: არის სასტუმრო, კაფე, რესტორანი. შეგიძლიათ შეიძინოთ ან დაიქირავოთ სათხილამურო აღჭურვილობა, სნოუბორდი. აქ არის პირველადი სამედიცინო დახმარების განყოფილება და სათხილამურო სკოლა, სადაც სპეციალური განყოფილებებია 3 წლიდან  ბავშვებისათვის. 5 ბილიკი, რომელთა საერთო სიგრძეა 15 კმ. განკუთვნილია ყველა დონის მოთხილამურეებისთვის. მათგან ყველაზე რთულია, 5 კმ სიგრძის, წიფლნარსა და წაბლის ტყეს შუა მდებარე ბილიკი. აქედან იშლება ულამაზეს ხედი ზღვაზე. ცენტრი მუშაობს დეკემბრიდან მარტის ბოლომდე.

    ვიზიტცა

    ისტორიული სოფელი ვიზიტცა, ვოლოსიდან 32 კმ-ის დაშორებით, პილიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სოფელია. აქ 550 მეტრის სიმაღლეზე, ძველ ქუჩებში გასეირნებისას, ტრადიციებსა და ისტორიას  წააწყდებით. გეუფლებათ გრძნობა რომ "ცოცხალ" მუზეუმში დადიხართ: შესანიშნავად შემონახული ეკლესიები, ტრადიციული სამსართულიანი სახლები, ქვის წყაროები, რიყის ქვაფენილიანი ქუჩები, ცენტრალური მოედანი კოლორიტული  ყავის სახლებითა და ტავერნებით. სოფელში მდებარე დიდგვაროვნების სახლების უმეტესობა XVI საუკუნეშია აშენებული. განსაკუთრებით საინტერესოა 1789 წელს აშენებული წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, უნიკალური ხატებით, ათონის პატარა ეკლესია და მაცოცხლებელი წყაროს ეკლესია, რომელიც აშენდა 1725 წელს. ვიზიტცა შესანიშნავი დანიშნულებაა ისეთი ტურისტებისთვის, ვისაც სიარული უყვარს. ასევე სოფელი ცნობილია თავისი ღვინით და ციპურით.

    ცაგარადა

    ამ სოფელში თავმოყრილია ყველაფერი, რაც პილიოსთვის არის დამახასიათებელი. მთები - სოფელი აგებულია 450 მ სიმაღლეზე და მდებარეობს აგროლევკეს სათხილამურო ცენტრიდან ნახევარი საათის სავალზე, ზღვა -მილოპოტამოსისა და ფაკისტრას ფანტასტიკური ცისფერი სანაპიროებამდე მანძილი მხოლოდ 8 კილომეტრია. ასევე ძალიან ახლოსაა ლამბინოს და ლიმნიონასის სანაპიროებთან. სოფლის მოედნებზე ათასწლოვანი ჭადრის ხეები აღტაცებას იწვევენ მათი ზომით.  სიმწვანე, თვალწარმტაცი ქვის ხიდები და წყაროები, რომლებიც უწყვეტლივ მიედინება ქმნის განუმეორებელ ატმოსფეროს. ცაგარადა - ყველაზე ცნობილი სოფელია ზაგორას შემდეგ, პილიო - ბერძნების საყვარელი ტურისტული დანიშნულების ადგილია. მიუხედავად ამისა, სტუმრებს სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ: ტურისტულმა განვითარებამ გავლენა არ იქონია მის ტრადიციებზე და ხასიათზე. ცაგარადაში აუცილებლად მოინახულეთ კლდეში ჩაშენებული მეგალოტას ღვთისმშობლის პატარა ეკლესია, სცადეთ სპეცოფაი, თხის ხორცი ლიმონით, ადგილობრივი ბაქლავა და სხვა დელიკატესები და გასვლისას არ დაგავიწყდეთ ადგილობრივი მურაბების, ციპუროსა და რიგანის (ბაზილიკის) წაღება.

    კისსოს

    კისსოსი არის კიდევ ერთი სოფელი პილიოს ციცაბო ფერდობებზე, რომელიც 520 მ სიმაღლეზეა განლაგებული. აქედან იშლება ულამაზესი ხედი ეგეოსის ზღვისა და უღრან გაუვალ ტყეებზე. ქვის სახლები და აგარაკები, რომლებიც ჩაფლულია სიმწვანეში, ქვით მოპირკეთებული წყაროები და ნაკადულები კრისტალურად სუფთა მთის წყლით, ქვაფენილიანი ქუჩებითა და ბილიკებით. აუცილებლად მოინახულეთ XVII საუკუნის წმინდა მარიამის ქვის სამნავიანი ბაზილიკა სოფლის ცენტრალურ მოედანზე. ეს პილიოს საეკლესიო არქიტექტურის შესანიშნავი მაგალითია, მოოქროვილი მოჩუქურთმებული ხის კანკელით, დახვეწილი ფრესკებითა და უამრავი ბიზანტიური ხატებით. საფეხმავლო ბილიკებს მე -17 საუკუნის წმინდა ევსტატიუსის მონასტერამდე და ტიმბანოს წყარომდე მივყავართ. ყველაზე საინტერესო და რთული არის კისსოსი - აგიოს გეორგიოსი, 19 კმ სიგრძის. ყველა მარშრუტი კარგად არის მონიშნული და გადის უღრან ტყეზე. ივლისსა და სექტემბერში საეკლესიო არდადეგების დროს, ქალაქის მოედანი ივსება მომღერალი და მოცეკვავე მკვიდრი მოსახლეობითა და სტუმრებით. ყველგან იყიდება არომატული მცენარეები, ხელნაკეთი მურაბები, ხილი და სხვა. ეს ყველაფერი აქ ტრადიციული გზით კეთდება. თუკი კისოსს ზაფხულში მოინახულებთ, შეგიძლიათ დაისვენოთ ახლოსმდებარე სანაპიროებზე აგიუ იოანნი და დამუხარი, ხოლო ზამთარში თქვენს განკარგულებაშია აგრიოლევკესია,რომელიც აქვე მდებარეობს. კისსოსი მშვენიერია წლის ნებისმიერ დროს.

    კალამოს

    პაგასიის ყურის სანაპიროზე ბევრი სოფელია, რომლებიც შესანიშნავია ბუნებაში დასვენებისთვის. ერთ-ერთი მათგანია კალამოსი, გარშემორტყმული გამწვანებით და ზღვასთან ახლოს. ეს არის მშვიდი მეთევზეების სოფელი, ტრადიციული არქიტექტურით. ბოლო წლების განმავლობაში ეს ადგილი მშვენიერი ტურისტული კურორტი გახდა და ამავდროულად უნიკალურობა და სიმშვიდე შეინარჩუნა. 

    პილიოს სანაპირო, როგორც ეგეოსის ზღვიდან, ასევე პაგასიის ყურიდან, განთქმულია თავისი კურორტებით და სუფთა წყლით. ბევრ მათგანს მიენიჭა ევროკავშირის "ლურჯი დროშა". აქ არის პლაჟები ყველა გემოვნებისთვის: მშვიდი და კოსმოპოლიტური, ორგანიზებული და ველური, ქვიშიანი და კენჭიანი.

    პაგასიის ყურის სანაპიროებზე პლაჟებზე  ტალღები და ქარი თითქმის არ არის. მათ შორის ყველაზე ცნობილია: ბუფა, მილინა, აფისოსი, კალა ნერა, პაუ, კალამოსი, ლეფოკასტრო, კატო ლეხონია.

    ეგეოსის ზღვის სანაპიროზე ყველაზე პოპულარულია მილოპოტამოსი, ფაკისტრა, პაპა ნერონი, პოტისტიკა, პალტცი, მელანი, კატიგიორგი, მურთიასი, დამუხარი, მიკრო, ხორევტო. სუფთა წყალი, ოქროსფერი ქვიშა, თვალწარმტაცი ბუნება და კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა მათ იდეალურს ხდის ზაფხულის მზის ქვეშ დასვენებისა და განტვირთვისათვის.

    ფოტოგალერეა